ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები კულტურულ და სამეცნიერო ჭრილში იქნება მეორე საერთაშორისო კონფერენციის თემა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამი დღის განმავლობაში გაიმართება. კონფერენციის გახსნას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, სტუდენტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები დაესწრნენ.
კონფერენციის „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები: ნართების ეპოსის კვლევის პრინციპები და მეთოდოლოგია“ მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს. ღონისძიებაზე განიხილება: ფოლკლორი, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, რელიგია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეკონომიკა, კონფლიქტოლოგია, გენდერის კვლევები, ადამიანის უფლებები, ქართულ-ოსური ურთიერთობების ისტორია და თანამედროვე პრობლემები, მიგრაცია.
კონფერენციაზე იმუშავებს 6 სექცია. მათ შორის, სტუდენტური სექცია და მრგვალი მაგიდა ახალგაზრდა მეცნიერებისთვის.
კონფერენციის ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, „კონფერენციას ძალიან საინტერესო ფორმატი აქვს. უნივერსიტეტს დიდი ტრადიცია გააჩნია ოსური ენის, ლიტერატურის შესწავლის. ჯერ კიდევ ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით დაიწყო გიორგი ახვლედიანმა ოსური ენის შესწავლა. დღეს უნივერსიტეტში არსებული ოსური ენის ცენტრი ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობს. უკვე გამოიცა ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული სასაუბრო, ოსური ზღაპრები, ნართების ორტომეული. ეს არის ის სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია და გვინდა ურთიერთობის აღდგენა, ერთობლივი სამეცნიერო მუშაობის ჩატარება, ახალგაზრდა მეცნიერების კონტაქტის ჩამოყალიბება და გაღრმავება. მსგავსი ღონისძიებები სახალხო დიპლომატიის საუკეთესო საშუალებაა.“
„დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ღონისძიებას, რადგან მასზე განიხილება ქართულ-ოსური ურთიერთობების პერსპექტივები კულტურულ ჭრილში. ისეთი საკითხი, როგორიც არის ნართების ეპოსის კვლევა, უკავშირდება იმ ღირებულებებს, რაც გვაერთიანებს ქართველ და ოს ხალხებს. დღეს, როდესაც ჩვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, ცხინვალის რეგიონი შემოსაზღვრულია მავთულხლართებით და გვაშორებს კონფლიქტის ძალიან მწარე გამოცდილება, ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ და მეტი გავაკეთოთ იმ ფაქტორებზე რაც გვაერთიანებს,-“ აღნიშნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.
საქართველოში ოსურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობაზე ისაუბრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა. მისი თქმით, „იმისათვის რომ აღდგეს ქართულ-ოსური ურთიერთობები ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებას. ამ მხრივ, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა ორიენტირებულია განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაზე.“
ქართულ-ოსური ურთიერთობების სამეცნიერო კვლევითი ცენტრი მეორე წელია რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით ფუნქციონირებს. „ჩვენ კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ამ ცენტრის არსებობა საქართველოს პირველ უნივერსიტეტში და ყველანაირად შევუწყობთ ხელს მის მუშაობას. ვფიქრობ, დღეისათვის ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და შედეგზე ორიენტირებული ველი, სადაც შეიძლება ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე საუბარი,“- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სოფიო შამანიდიმ.
ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის ნაირა ბეპიევის განცხადებით, „კონფერენცია გახლავთ აღდგენა იმ კულტურული ტრადიციისა, რომელიც ოდითგანვე არსებობდა ქართველ და ოს ხალხებს შორის, თსუ კვლავ გახდება კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი მთელ კავკასიაში და კვლავ შეასრულებს იმ როლს, რომელიც მას ჰქონდა წინა წლებში.“