Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესი
01/12/2016

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესი, რომლის თემაა „დამწერლობები კავკასიაში“. კონგრესის მიზანია კავკასიის დამწერლობებთან დაკავშირებულ პრობლემათა ინტერდისციპლინური კვლევა და სათანადო საკითხების მეცნიერული ანალიზი. კონგრესში მონაწილეობენ საერთაშორისო კავკასიოლოგიური კვლევითი ცენტრებისა და უნივერსიტეტების მეცნიერი მკვლევრები. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი კავკასიოლოგები, სტუდენტები ესწრებოდნენ.

,,მოგეხსენებათ, იუნესკო-მ ქართული ანბანი მიაკუთვნა ხელთუქმნელი ძეგლების ნუსხას. ეს არის ძალიან კარგი კონტექსტი იმისთვის, რომ დღეს გაიმართოს აქ მსჯელობა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგან აქ განიხილავენ დამწერლობებს კავკასიაში, რაც დაკავშირებულია როგორც ლინგვისტურ, ასევე კულტუროლოგიურ თემებთან,’’ - აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
თსუ პროფესორის ცირა ბარამიძის თქმით, ,,მსგავსი მასშტაბის ფორუმი არც თემატურად და არც ფორმატით არცერთ კავკასიოლოგიურ სამეცნიერო ცენტრს არ ჩაუტარებია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაარსა ეს კონგრესი, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ იმართება და მისი თემები ლოგიკურად აგრძელებენ და სწავლობენ კავკასიური ცივილიზაციის სხვადასხვა პარამეტრებს. ‘’
კონგრესში მონაწილეობენ საერთაშორისო კავკასიოლოგიური კვლევითი ცენტრებისა და უნივერსიტეტების მეცნიერი მკვლევრები. კონგრესის განხილვის ძირითადი თემებია: კავკასიის ანბანურ დამწერლობათა (ქართული, ალბანური, სომხური) ისტორიული სახეები და ამ ანბანთა განვითარების პერიოდიზაცია; წარმართული ეპოქის წერილობითი სისტემები; ახალი აღმოჩენები გრაკლიან გორაზე; კავკასიის ახალ სამწერლობო ენათა ანბანები; კულტურასთან დაკავშირებული ლექსიკის სემანტიკურ-ეტიმოლოგიური საკითხები; დამწერლობის კრიპტოგრაფიული სისტემები; ანბანთან დაკავშირებული თვლისა და კალენდრის ძველი სისტემები და სხვ.
კონგრესის ორგანიზატორები არიან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი და არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. კონგრესი 2 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.