Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
პირველი „საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში“
24/02/2017

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში“ წინაშესარჩევი I ტური გაიხსნა. საქართველოში პირველად იქმნება საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა, რომელსაც გერმანული სამეცნიერო ფონდი Volkswagen Stiftung დააფინანსებს. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ქართული და გერმანული უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთელ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოში იქმნება სტუქტურირებული სადოქტორი პროგრამა. 60-ზე მეტი აპლიკანტი მონაწილეობს წელს. ნამდვილად საჭირო მიმართულებაა, რომელიც, სამწუხაროდ, არ არის განვითარებული. იმედი გვაქვს, რომ ამ შერჩეული აპლიკანტებიდან 25 ფინალისტი გაემგზავრება გერმანიაში და იქ ექნება საშუალება, რომ მიიღოს კარგი სადოქტორო განათლება. მონაწილეების რაოდენობის გარდა, კომპოზიციაც საინტერესოა: 8 უცხოელი დოქტორანტობის კანდიდატია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის საერთაშორისო დონის სადოქტორო პროგრამა. Volkswagen-ის ფონდთან თანამშრომლობით მზადდება 3 სადოქტორო პროგრამა -ეს არის დიგიტალური ჰუმანიტარია, ერთი შერეული სადოქტორო პროგრამა მათემატიკის მიმართულებით და სადოქტორო პროგრამა განათლების მართვის მიმართულებით.“

„საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია ქართული უნივერსიტეტებისათვის, ვინაიდან იგი საშუალებას იძლევა ევროპული სტანდარტის სადოქტორო სკოლები განხორციელდეს საქართველოში. ეს არის ერთგვარი გამოცდილება არა მხოლოდ სტუდენტებისათვის, რომლებიც ამ სადოქტორო პროგრამაში ჩაერთვებიან, არამედ პროფესორ-მასწავლებლებისათვის, ვინაიდან ისინი ამ საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ხდებიან“, - აღნიშნა ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორმა მანანა თანდაშვილმა.

საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი "Cross-National Doctoral School" ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით ხორციელდება. გერმანული სამეცნიერო ფონდის Volkswagen Stiftung-ის დაფინანსებით განსახორციელებელი პროექტი მიზნად ისახავს დიგიტალურ ჰუმანიტარიაში საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის შესარჩევი ტურების ორგანიზებას, რომელიც ორ ეტაპად ხორციელდება. შესარჩევი ტურის პირველი ეტაპი საქართველოში ტარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (24-27.02.2017) და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1-3.03.2017). დარტეგისტრირებული 61 კანდიდატიდან 8 უცხოელია. შესარჩევი ტურის პირველ ეტაპზე საერთაშორისო საკონკურსო კომისია გამოვლინდება 25 კანდიდატი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ გერმანიაში, ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში 23-29 მარტს დაგეგმილ მეორე შესარჩევ ტურში. პირველი ტურის გამარჯვებულებს სპეციალური საკონკურსო კომისია 5 მარტს დაასახელებს.