Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
„ევროპული კვლევების საბჭოს ათი წელი: საუკეთესო მკვლევართა მხარდაჭერა ევროპაში“
22/04/2017

ევროპული კვლევების საბჭოს 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) რეგიონული კვირეული გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას „ევროპული კვლევების საბჭოს ათი წელი: საუკეთესო მკვლევართა მხარდაჭერა ევროპაში“ დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია, ევროპული კვლევების საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ევა კონდოროსი, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მანანა მიქაბერიძე, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, მოწვეული ექსპერტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ქართველი მეცნიერები მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრებიდან პროფესორები გია დვალი და ზაალ კოკაია, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს უნივერსიტეტების რექტორები, სხვა მოწვეული სტუმრები.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს დიდი მასშტაბის კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობს რეგიონის, პარტნიორობის ქვეყნებისა და ქართველი მეცნიერები. ევროპის კვლევის საბჭო გახლავთ ყველაზე დიდი ორგანო, რომელიც აფინანსებს სამეცნიერო გრანტებს. მათ შორის იმ გრანტებს, რომელიც გადანაწილდება „ჰორიზონტი 20/20“-ის ფარგლებში. ღონისძიებაზე საუბარი შეეხება საკითხებს - თუ როგორ უნდა ჩაერთონ ქართველი მეცნიერები, დაწყებული სააპლიკაციო ფორმებით, დასრულებული თემატიკით, რომელიც უნდა შეირჩეს. ეს არის უზარმაზარი დახმარება ქართველი მეცნიერებისთვის. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის კონტაქტები, რომელიც ჩამოყალიბდა ERC-ის ფარგლებში, მოგვცემს შესაძლებლობას ჩავერთოთ ევროპული დონის კვლევებში. ძალიან კარგია,რომ თსუ-ს ბევრი გუნდი მოღვაწეობს ამ მიმართულებით და რამდენიმე გრანტიც მივიღეთ წელს. იმედი გვაქვს რომ გრანტების რაოდენობა მომავალში გაიზრდება.“
„საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებში განათლება და მეცნიერება არის ნომერი პირველი. შესაბამისად, განათლების და მეცნიერების სამინისტრო ინტენსიურად არის ჩართული ამ პროცესების ხელშეწყობაში. მსგავსი გაცნობითი სახის შეხვედრები, მოგვცემს შესაძლებლობას საქართველო დაფიქსირდეს კვლევით რუკაზე, როგორც ღირსეული წარმომადგენელი, როგორც ღირსეული ადგილის მფლობელი კვლევების განხორციელებისთვის,“- აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ.
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მანანა მიქაბერიძის ინფორმაციით, „ღონისძიება ევროპული კვლევების საბჭოს და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ არის ორგანიზებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო წრისათვის და მკვლევართა ევროპულ სამეცნიერო სფეროში და ქსელში ინტეგრირებისათვის. ღონისძიებას ესწრებიან ძალიან მაღალი დონის სტუმრები ევროპული კვლევების საბჭოდან, ასევე ევროპის აკადემიიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სხვადასხვა ფონდებიდან, მეცნიერებათა აკადემიიდან და კვლევითი უნივერსიტეტებიდან.“
„დღევანდელ ღონისძიებაზე სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ თავისუფალ დიალოგში. დაისმევა საინტერესო კითხვები და გაიცემა პასუხები. ჩვენ გავუზიარებთ სტუმრებს ინფორმაციას ERC-ის შესახებ, ვისაუბრებთ გრანტებსა და აპლიკაციებზე, გავცემთ რეკომენდაციებს. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქვეყნებში არსებული მეცნიერებების გაუმჯობესებას,“- აღნიშნა ევროპული კვლევების საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ევა კონდოროსმა.
ERC-ის კვირეული მიზნად ისახავს: საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების მონაწილეობის გაზრდას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ ადმინისტრირებულ კონკურსებში; დაფინანსების შესაძლებლობებისა და გამოწვევების ერთობლივი ანალიზისთვის ERC-ის ოფიციალურ პირებს, ევროპული კვლევების საბჭოს გრანტიორებს, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების გამოჩენილ მეცნიერებსა და რეგიონის მაღალი დონის ოფიციალურ პირებს შორის დიალოგის ხელშეწყობას, გამოცდილების გაზიარებას; ინტერაქციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) წარმომადგენლებთან. ღონისძიება დაეხმარება მონაწილე ქვეყნებს გააძლიერონ მეცნიერების ინსტიტუციური მხარდაჭერა და წაახალისონ მათი აქტიური მონაწილეობა ევროპული კვლევითი საბჭოს საგრანტო კონკურსებში. ღონისძიებაზე შეჯამდება ევროპული კვლევების საბჭოს საქმიანობა და განიხილება ERC-ის პროგრამებში აღმოსავლეთის პარტნიორობის (EaP) რეგიონის მეცნიერთა მონაწილეობის გაფართოებისა და დაფინანსების შესაძლებლობები.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროპული კვლევების საბჭო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.