ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აშშ ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიაში გაიარონ სტაჟირება. მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში კენ უოლშმა, ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) დირექტორმა საქართველოში მარკ ჰარტელმა მოაწერეს. ხელმოწერის ღონისძიებას, აგრეთვე დაესწრნენ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „ძალიან ბევრი და მრავალმხრივი ურთიერთობა არის დაგეგმილი ვოლტერ რიდის უნივერსიტეტსა და ჩვენს სტუდენტებს, პროფესორებსა და მკვლევრებს შორის. სტუდენტებს საშუალება ექნებათ მესამე დონის ლაბორატორიაში მიიღონ მონაწილეობა თანამედროვე კვლევაში და, იმედია, სამეცნიერო რეზულტატი ამ კვლევებისა ძალიან სწრაფად გამოჩნდება. ჩვენ გვეყოლება ძალიან კვალიფიციური სტუდენტობა, ასევე ჩვენს პროფესორებს მიეცემათ საშუალება, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში იმუშაონ.“
„აღნიშნული ხელშეკრულება შესაძლებლობას მისცემს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მონაწილეობა მიიღონ უახლეს კვლევებსა და აღმოჩენებში, და მეტიც, თავად შექმნან ისინი. შესაძლებელია მათი ნაშრომები მოხვდეს ცნობილ საერთაშორისო კვლევით გამოცემებში. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას,“- განაცხადა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში კენ უოლშმა.
„ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და კარს ვუღებთ ყველა სტუდენტს, რომლისკენაც ყოველთვის მოწოდებულია ჩვენი უნივერსიტეტი. ამ მემორანდუმის თანახმად თსუ-სა და სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ თანამედროვე კვლევებში და მოამზადონ სამეცნიერო ნაშრომები,“- განაცხადა ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) დირექტორმა საქართველოში მარკ ჰარტელმა.
შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას სამეცნიერო კვლევებისა და სტუდენტების სტაჟირების საკითხებში. WRAIR რჩება მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო, განათლების შესაძლებლობების შემუშავებისა და რეალიზაციის წინა ხაზზე, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეცნიერებაში კარიერის განვითარებისათვის. სტუდენტები ჩაერთვებიან კლინიკური კვლევის ტექნოლოგიებსა და მიმდინარე საერთაშორისო კვლევებში.