Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
სამეცნიერო კონფერენცია „რომის სტატუტის“ ძალაში შესვლის 15 წლის აღსანიშნავად
01/07/2017

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წესდების - „რომის სტატუტის“ - ძალაში შესვლის 15 წლისთავი სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნა. 

კონფერენცია საერთაშორისო სისხლის სამართლისა და ჰუმანიტარული სამართლის აქტუალურ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს ეხებოდა და მასში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის მიმართულების სამაგისტრო და საბაკალავრო საფეხურის ოცდახუთამდე სტუდენტი, პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევარები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ და საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სასწავლო და კვლევითი ცენტრის დირექტორმა, გენდერისა და სამართლის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა. სტუდენტებმა მოხსენებები გააკეთეს თემატური პანელების ფარგლებში. კერძოდ, მათი გამოსვლები შეეხებოდა აგრესიასა და ძალის გამოყენებას, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დარღვევებსა და ომის დანაშაულებს, ომის წარმოების მეთოდებსა და საშუალებებს და ახალ ტექნოლოგიებს, შეიარაღებული კონფლიქტისას განსაკუთრებული კატეგორიის მქონე პირებს, საერთაშორისო სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების როლს საერთაშორისო სისხლის სამართლისა და ჰუმანიტარული სამართლის განვითარებაში.

კონფერენციის დასასრულს, ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

„რომის სტატუტი, რომლითაც დაფუძნდა მუდმივმოქმედი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, ძალაში 2002 წლის 1-ელ ივლისს შევიდა. დღესდღეობით სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა რაოდენობა 124-ია, მათ შორის საქართველოც 2003 წლიდან.