Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
თსუ პროფესორი ლიტვაში კომანდორის ორდენით დააჯილდოვეს
11/07/2017

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნიკო ჯავახიშვილი ლიტვის დიდი სამთავროს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, ლიტვის დიდი სამთავროს ისტორიული ხსოვნის ორგანიზაციების გაერთიანებამ კომანდორის ორდენით (რიგითი ნომერი _ 033) დააჯილდოვა.

ნიკო ჯავახიშვილს მრავალწლიანი და მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ბალტიისპირეთის სამეცნიერო და სასწავლო ცენტრებთან. სისტემატურად იბეჭდება მისი სამეცნიერო ნაშრომები, რომლებშიც შესწავლილია ქართულ-ბალტიური ურთიერთობის ისტორიის საკითხები. ამ თემაზე დაწერილი მისი მონოგრაფია გამოქვეყნებულია ქართულ, ლატვიურ და რუსულ ენებზე.

2014 წლის 10 ივნისს ლატვიის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის სენატმა ნიკო ჯავახიშვილს მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება. იგი ამ ტიტულის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელია. ბალტიის ქვეყნებსა და საქართველოს შორის სამეცნიერო-კულტურული ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის, ნიკო ჯავახიშვილი საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს: ლატვიის უნივერსიტეტის აკადემიურმა ბიბლიოთეკამ (19.XII.2015), ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ (16.V.2016წ.), ლატვიის ეკონომიკის ინსტიტუტმა(23.VI.2016), ლატვიის ისტორიის ინსტიტუტმა (11.VII.2016) და ლიტვის ისტორიის ინსტიტუტმა (19.XII.2016).