Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017
24/09/2017

 მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017-ის გახსნაში რიყის პარკში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აქტიური მონაწილეობა მიიღო. თსუ-ს პროფესორებმა და სტუდენტებმა ინოვაციური პროექტები წარმოადგინეს, სახალისო ექსპერიმენტები ჩაატარეს და ვიქტორინები გამართეს. გახსნის ცერემონიალს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, სამეცნიერო წრეების, სასწავლო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„მესამე წელია უკვე რაც  ფესტივალი ტარდება და გვიხარია, რომ წელს ხუთ ქალაქში ვართ წარმოდგენილი. ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება ფესტივალი, მასში ჩართული  უნივერსიტეტების მთავარი ამოცანაა, რომ დააინტერესონ ბავშვები მეცნიერებით.  ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა, რომ პირადად მიიღონ მონაწილეობა ყველა აქტივობაში და ამ ასაკში მიღებული შთაბეჭდილება შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს მათთვის პროფესიის არჩევისას. ჩვენ გვჭირდება მეტი ახალგაზრდა მეცნიერი და ამ ფესტივალით ვიღებთ ამ შედეგს, - აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ფესტივალზე წარმოდგენილია მრავალი საინტერესო პროექტით. სახალისო ექსპერიმენტებთან ერთად, წარმოდგენილია ფუნდამენტური სამეცნიერო-კვლევითი პროექტები. ფესტივალის განმავლობაში თსუ-ში უამრავი საინტერსო ღონისძიება ჩატარდება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო AtmoSim  ლაბორატორიის გახსნა. ეს არის ატმოსფერული კვლევების ლაბირატორია გერმანიის იულიხის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ერთად შექმნილი. ლაბორატორიაში  ჩატარებულ კვლევებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მეცნიერ-მკვლევრები, ასევე, სამეცნიერო-კვლევით პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან  სამივე საფეხურის სტუდენტები,“ - განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა.               რიყეზე თსუ-ს სტენდთან მოსულებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ სახალისო  ექსპერიმენტებში ქიმიასა და ფიზიკაში, მიეღოთ მონაწილეობა სახალისო არქეოლოგიურ გათხრებში, სახელოვნებო მასტერკლასებში, ფსიქოლოგიის სახალისო ექსპერიმენტებში.  ღონისძიების ფარგლებში სტუდენტური ინოვაციური პროექტების პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს ინოვაციური Software და Hardware პროექტები.

„ჩვენ წარმოვადგინეთ საჩვენებებელი ექსპერიმენტი,  ეს არის პატარა ექსპერიმენტი  მდგარ ტალღაზე, სადაც პირველკურსელები სწავლობენ, როგორ აიღონ ანათვლები, ათვალონ ცდომილება და სხვა. ამის შემდგომ უკვე სერიოზულ ექსპერიმენტებზე გადადიან,“- აღნიშნა თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების სტუდენტმა ცოტნე დადიანმა.

ფესტივალის ფარგლებში თსუ-ს ორგანიზებით მრავალი სამეცნიერო კონფერენცია, საერთაშორისო კონგრესი, სამეცნიერო პროდუქცის გამოფენა, სამეცნიერო ექსპერიმენტები, ექსკურსია თუ საჯარო ლექცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობის საშუალება სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან ერთად სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს და საზოგადოების ყველა  წარმომადგენელს ექნება.

მათ შორის 29 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იხსნება SMART ლაბორატორია, რომელიც იქნება თსუ-ს, იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტის ენერგიებისა და კლიმატის ინსტიტუტის ტროპოსფეროს (FZJ IEK-8) ლაბორატორიის,  დედაქალაქის მერიისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტი. ლაბორატორია სპეციალიზებული იქნება ატმოსფეროს ანალიზებზე, რომელიც მოიცავს ატმოსფეროს ქიმიურ ანალიზს, ასევე შედეგების მათემატიკურ დამუშავებას და ატმოსფეროს მდგომარეობის მატემატიკური მოდელის შექმნას. AtmoSim  ლაბორატორია იქნება  IEK-8 (იულიხის ლაბორატორიის) შესაბამისი ანალოგი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასევე წარმოდგენილი იქნება სამეცნიერო პიკნიკზე თელავში. სამეცნიერო ფესტივალი 8 ოქტომბერს დასრულდება.