მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017-ის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ღია კარის დღე და სამეცნიერო ტური გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების პრეზენტაციები და ანგარიშები; ინფორმაცია მიმდინარე და უკანასკნელ პერიოდში დასრულებული პროექტების შესახებ; პერსონალის მიერ გამოქვეყნებული სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, ორიგინალურ ლიტერატურასთან ერთად წარმოდგენილი იყო ნათარგმნი სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურა; ასევე მოეწყო საგამოფენო მაგიდები, რომლებზეც განთავსდა ინსიტუტების ბუკლეტები და წიგნები. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ ფაკულტეტის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ პერსონალისგან მიეღოთ.