კლევერინგას ლექციების ფარგლებში საჯარო ლექციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ლექციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში ლაილა ომარ გადი, ნიდერლანდების ელჩი საქართველოში იოს დაუმა, ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების მენეჯერი პიტერ დანისი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრნენ. ლეიდენის (ჰოლანდია) უნივერსიტეტის პროფესორმა ტონ ლიფაარდმა საჯარო ლექცია „თავისუფლებააღკვეთილი ბავშვები: ბავშვთა საერთაშორისო უფლებები და ლოკალური გამოწვევები“ გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მიღებას დაუკავშირა. პროფესორ ტონ ლიფაარდის საჯარო ლექცია მიეძღვნა ბავშვთა უფლებებს, განხილული იქნა ის საკვანძო საკითხები, რომელიც თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში ბავშვთა საერთაშორისო უფლებების გამოყენებას უკავშირდება. „ბავშვთა უფლებებზე იმიტომ ვისაუბრე, რომ წელს აღვნიშნავთ გაეროს ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიღების 28 წლისთავს. საქართველოც არის ერთ-ერთი ხელმომწერი ამ კონვენციაზე, ისევე როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა ხმა გავიგოთ და განსაკუთრებით ეს ეხება იმ ბავშვებს, რომლებიც თავისუფლებააღკვეთილები არიან,“- განაცხადა ტონ ლიფაარდმა.
„მსოფლიოს 44 ქალაქში და, მათ შორის, თბილისში, ჩვენ უნივერსიტეტში გაიმართა ე.წ. კლევერინგას ლექცია, რომელიც ეძღვნება ლეიდენის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანის პროფესორ კლევერინგას ხსოვნას. მან 1940 წელს, მაშინ როდესაც ჰოლანდია იყო ოკუპირებული, წაიკითხა ძალიან ცნობილი თავისი ლექცია, სადაც დაიცვა ებრაელი კოლეგები, რომლებიც რეპრესირებულები გახდნენ ოკუპაციური რეჟიმის მიერ. ამის შემდეგ ლეიდენის უნივერსიტეტი დაიხურა და მხოლოდ ჰოლანდიის დეოკუპაციის შემდეგ აღდგა იქ სწავლება,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
პროფესორ ტონ ლიფაარდის საჯარო ლექცია კლევერინგას შეხვედრების ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორის რუდოლფ კლევერინგას ცნობილი საპროტესტო გამოსვლის შემდეგ ყოველწლიურად იმართება. პროფესორმა კლევერინგამ 1940 წლის 26 ნოემბერს თავისი გამოსვლით გერმანელი ოკუპანტების მთავრობის ბრძანებით ებრაელი კოლეგების უნივერსიტეტიდან გათავისუფლება გააპროტესტა. 1946 წლიდან ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორები მთელ მსოფლიოში მართავენ საჯარო ლექციებს აქტუალურ თემებზე. საქართველოში კლევერინგას ლექცია პირველად ჩატარდა.
„დღევანდელი ლექციის მიზანი იყო ის, რომ ეჩვენებინა ქართველი აუდიტორიისთვის თუ რას ნიშნავს ლიდერობის გამოჩენა, ისეთი ლიდერობის, როგორიც გამოიჩინა ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორმა კლევერინგამ. მისი ცნობილი ლექციის შემდეგ, ყოველწლიურად იმართება ლექციები, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს. დღევანდელი საჯარო ლექცია ბავშვთა უფლებებს მიეძღვნა,“- განაცხადა ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში იოს დაუმამ.
საჯარო ლექცია ლეიდენის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ორგანიზებით და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ევროკავშირის დელეგაციისა და იუნისეფის მხარდაჭერით გაიმართა.