ვარძიის სამონასტრო კომპლექსში პიტ რივერსისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა არქეოლოგთა რიგით მეათე საიუბილეო საერთაშორისო კონფერენციის დახურვის ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია, რომელიც 24 მაისს გაიხსნა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით მეათე წელია იმართება. წელს კონფერენციაში მონაწილეობას 13 ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტები იღებდნენ.
ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. გიორგი შარვაშიძემ თსუ არქეოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ ვიკერსი უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა.
თსუ რექტორმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული კონფერენცია მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება. „ძალიან საინტერესო კონფერენცია ტარდება ვარძიაში. მეცნიერების პოპულარიზაცია ჩვენი განვითარების მაგისტრალური ხაზია. ბევრი საშუალება, რომელიც ახალგაზრდა სპეციალისტებს, მეცნიერებს ექნებათ ალბათ უფრო გააძლიერებს ამ მიმართულებას,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა. მისივე ინფორმაციით, სექტემბერში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში თსუ-ში ევროპის აკადემიის წარმომადგენლობა გაიხსნება, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერებს, მათ შორის არქეოლოგიის მიმართულების წარმომადგენლებს, დიდ საგრანტო პროგრამებში ჩართვის და კვლევების განხორციელების საშუალებას მისცემს.
თსუ არქეოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ლიჩელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „კონფერენციის საშუალებით ახალგაზრდა ქართველი არქეოლოგები საკუთარი კვლევის შედეგებს წარმოადგენენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ ათი წლის მანძილზე მხარს უჭერს ჩვენს კონფერენციას და მათ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას უწყობს ხელს,“ - აღნიშნა ლიჩელმა.
კონფერენციაში მეათე წელია მონაწილეობს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ ვიკერსი. როგორც მან აღნიშნა, კონფერენცია, რომელიც უნივერსიტეტის პატარა აუდიტორიიდან დაიწყო, წლებია წარმატებით ხორციელდება ვარძიაში. „კონფერენცია რომ წარმატებულია სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი კვლევებიც ადასტურებს, რომელთა ხარისხი ყოველწლიურად მატულობს“, - განაცხადა მაიკლ ვიკერსმა.
ვარძიის XII-XIII საუკუნეების სამონასტრო კომპლექსში კონფერენციის მსვლელობის დროს, გარდა მოხსენებებისა, გაიმართა დისკუსიები არქეოლოგიასა და მომიჯნავე დარგებში განხორციელებული კვლევების შესახებ, დაისახა სამეცნიერო პრობლემათა გადაწყვეტის გზები.
ვარძიის კონფერენცია უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპისა და აშშ უნივრსტეტებში. კონფერენციას ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების, მუზეუმების, სასწავლო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები ესწრებიან. ახალგაზრდა მკვლევრების მოხსენებებს აფასებენ მუდმივი სამეცნიერო კომისიის წევრები: თსუ-ს, ოქსფორდის, იენის, ინსბრუკის, ედინბურგისა და ვენეციის უნივერსტეტების პროფესორები.
ვარძიის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ახალგაზრდა არქეოლოგთა შორის კონტაქტების დამყარებას, მათი კვლევების პოპულარიზაციას მსოფლიო სამეცნიერო ბაზარზე და შესაბამისად, ქართველი სტუდენტი-არქეოლოგების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას.