Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
„მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ტენდენციები და დივერსიფიკაციის შესაძლებლობები საქართველოში“

კვლევა „მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ტენდენციები და დივერსიფიკაციის შესაძლებლობები საქართველოში“ 2011 წელს დაიწყო. კვლევის ძირითადი მიზანია ფერმერული მეურნეობების განვითარების, დივერსიფიკაციის შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შეფასების საფუძველზე საქართველოში არსებული გამოწვევების გამოვლენა. ფერმერული მეურნეობები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკურ სტრუქტურაში. ევროკავშირთან დაახლოების კუთხით კი აუცილებელია საქართველოსთვის შემუშავდეს მოდელები, რომლებიც, ერთი მხრივ, შესაბამისობაში იქნება ევროპულ მოთხოვნებთან, მეორე მხრივ, ასახავს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში არსებულ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას. მკვლევართა განმარტებით, ამ ნაშრომის სიახლეა ზემოთ ჩამოთვლილი პოზიციებისა და ხედვების შესწავლა-ანალიზის საფუძველზე, საუკეთესო ევროპული გამოცდილების გამოკვლევა და საქართველოს რეალობისათვის ადეკვატური დივერსიფიკაციის მოდელების ადაპტირებისთვის რეკომენდაციების შემუშავება.

კონკურენტუნარიანობის ზრდის სტრატეგია საქართველოში

ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის შეფასება, კონკურენტუნარიანობის ამაღლების გზაზე არსებული წინაღობების იდენტიფიცირება ეკონომიკის მკვლევართა ერთ-ერთი მნიშნელოვანი მიზანია. რადგან ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ინდექსი განსაზღვრავს მისადმი ინვესტორების დამოკიდებულებას და, ზოგადად რეალურ ეკონომიკურ პერსპექტივას. სწორედ ამიტომ საქართველოში ეროვნული კონკურენტუნარიანობის ამაღლების ეკონომიკური პოლიტიკისათვის საჭირო ინსტრუმენტებისა და საშუალებების საკითხის კვლევა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გულნაზ ერქომაიშვილმა ეკონომიკური პოლიტიკის კათედრაზე 2009 წლიდან დაიწყო და დღემდე აგრძელებს.

„უცხოური ბრენდებისადმი ქართველი მომხმარებლების ლოიალურობის აღქმის სპეციფიკა“

„უცხოური ბრენდებისადმი ქართველი მომხმარებლების ლოიალურობის აღქმის სპეციფიკა“ – ასე ეწოდება მოხსენებას, რომელიც ქართველმა მეცნიერებმა, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მარკეტინგის კათედრის პროფესორმა ნუგზარ თოდუამ და ამავე კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა ჩარიტა ჯაშმა 2014 წლის 3-4 აპრილს იტალიაში, მილანის კათოლიკურ უნივერსიტეტში გამართულ კორპორაციული და მარკეტინგული კომუნიკაციების მე-19 საერთაშორისო კონფერენციზე წარმოადგინეს. მოხსენება მეცნიერთა ერთობლივი კვლევის შედეგია.

ლაფერ-კენზიანური სინთეზი და მაკროეკონომიკური წონასწორობა

2014 წელს ამერიკულმა გამომცემლობა NOVA-მ  ნიუ-იორკში  გამოსცა ქართველი ეკონომისტების, თსუ-ს რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას და თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორის, ეკონომეტრიკის კათედრის ხელმძღვანელის  იური ანანიშვილის წიგნი – „ლაფერ-კენზიანური სინთეზი და მაკროეკონომიკური წონასწორობა“, რომელსაც ცნობილი ეკონომისტები – როტჯერსის ბიზნესის სკოლის პროფესორი ფაროხ ლანგდანა, ოკლაჰომას უნივერსიტეტის პროფესორი ლუის ედერინგტონი და მოსკოვის ცენტრალური ეკონომიკურ-მათემატიკური ინსტიტუტის მთავარი მეცნიერთანამშრომელი,  პროფესორი ევგენი ბალაცკი უწევდნენ რეკომენდაციას. წიგნი „ლაფერ-კენზიანური სინთეზი და მაკროეკონომიკური წონასწორობა“ ზოგადი მაკროეკონომიკური კანონზომიერებებით დაინტერესებულ სპეციალისტებსა და მკითხველებს  დეხმარება იმის ახსნასა და გარკვევაში, თუ რა როლს ასრულებს გადასახადები ეკონომიკის ფუნქციონირების პროცესში.

საფონდო ბაზარი საქართველოში: არსებული რეალობა და გაურკვეველი მომავალი

ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და, საერთო ჯამში, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, პირდაპირ კავშირშია კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან. ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის ერთ–ერთი რეალური ბერკეტია ინვესტიციების მოზიდვა, რომლის ყველაზე მიღებული და პრაქტიკული ფორმაა ფასიან ქაღალდებში ინვესტირება საფონდო ბაზრის მეშვეობით. განვითარებული მსოფლიოსთვის (დასავლეთი ევროპა, აშშ, კანადა, იაპონია, ჩინეთი და სხვა მძლავრი საფონდო ინდუსტრიის მქონე ქვეყნები) ნათელია რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზებული საფონდო ბაზარი (ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა ევრონექსტი, Nasdaq OMX, ლონდონის საფონდო ბირჟა და მრავალი სხვა საფონდო მოედანი) და მისი მთავარი რგოლი – საშუამავლო ბიზნესი ანუ საბროკერო კომპანიები –  საინვესტიციო ფირმები („მერილ ლინჩი“, „მორგან სტენლი“, „გოლდმან საქსი“, „ჯეი პი მორგანი“, „ბარკლაის ქეპიტალ“ და მრავალი სხვა საინვესტიციო ბან-კი). შპს „საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი პლიუსმა“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც არის თსუ  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის ასისტენტ-პროფესორი დავით ასლანიშვილი, წლების განმავლობაში არაერთი კვლევა განახორციელა „საქართველოს საფონდო ბაზრის, მისი განვითარების, ინდუსტრიისა და არსებული მდგომარეობის შესახებ“.

ამერიკული გამოცდილება ქართული ტურიზმის განვითარებისთვის

საქართველოში ტურიზმის განვითარება ბოლო წლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად არის დეკლარირებული. მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის შეფასებული ამ დარგის როლი სახელმწიფოს ეკონომიკის ზრდაში და თსუ მეცნიერის კვლევამდე არც მეთოდოლოგია არსებობდა, რომლითაც ეს შეფასება უნდა მომხდარიყო. ამ მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებისთვის საფუძველის შექმნა ითავა თსუ ტურიზმის კათედრის ხელმძღვანელმა, სრულმა პროფესორმა მაია მარგველაშვილმა. მან 2011 წელს გაიმარჯვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფულბრაიტის საგრანტო კონკურსში და სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის (ქ. კოლუმბია, სამხრეთ კაროლინა, აშშ) მასპინძლობით, საცალო ვაჭრობისა და სპორტის მენეჯმენტის კოლეჯში მუშაობდა თემაზე „მოგზაურობისა და ტურიზმის ეკონომიკური ზემოქმედების შეფასების მეთოდოლოგიის კვლევა“.

სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებები საქართველოში გლობალიზაციის პირობებში

გლობალიზაციის პირობებში სულ უფრო აქტუალური ხდება მოქალაქეთა დაცვა უხარისხო, ჯანმრთელობისა და, ზოგიერთ შემთხვევაში _ სიცოცხლისათვის საშიში სასურსათო პროდუქტებისაგან. არასაიმედო, ფალსიფიცირებული, გენეტიკურად მოდიფიცირებული და სხვა საკვები პროდუქტის მზარდი რაოდენობა უარყოფითად მოქმედებს გარემოზე, ეკონომიკის განვითარებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

სურსათის უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2012 წელს ჩატარდა კვლევა “სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებები საქართველოში გლობალიზაციის პირობებში“

სოციალური მარკეტინგის გამოწვევები საქართველოში

სოციალური მარკეტინგის კონცეფცია მსოფლიოში გასული საუკუნის 70-იან წლებში წარმოიშვა, განვითარება 80-იანი წლებიდან დაიწყო და დღეისთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მას ბიზნესის მართვის 21-ე საუკუნის ფილოსოფიასაც კი უწოდებენ. სოციალური მარკეტინგის მიზანი სოციალური, ეკოლოგიური, მოსახლეობის კეთილდღეობასთან დაკავშირებული სხვა ისეთი საკითხების გადაჭრაზე ფოკუსირებაა, რომელიც მანამდე არ ხვდებოდა მარკეტინგის მიზნებში. კონცეფცია გულისხმობს მძლავრი სოციალური მექანიზმების ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესისა და საზოგადოების  მოთხოვნების  ინტერესთა ერთიანობას, მომხმარებელთა კეთილდღეობის მისაღწევად. საქართველოში ამ კონცეფციის დამკვიდრება სულ რამდენიმე წელია დაიწყო.

სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხისათვის

საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების სფეროში არაერთი პრობლემა არსებობს: გადაუჭრელია სასურსათო დამოუკიდებლობისა და სურსათით თვითუზრუნველყოფის პრობლემა; გაუმართავია ინსტიტუციური და სამართლებრივი ბაზა; შესამუშავებელია სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ ეროვნული სტრატეგია; არაეფექტიანია მონიტორინგის სამსახურები; შეინიშნება მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილის კლების ტენდენცია; სოფლის მეურნეობის კლებადი პროდუქტიულობა; მომხმარებელთა და მწარმოებელთა ინფორმირებულობის დაბალი დონე სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე; არსებობს კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი; სახეზეა კვების ჯაჭვში რისკების მართვის პრობლემები და ა.შ. ასეთი დასკვნა გააკეთა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ეკა ლეკაშვილმა კვლევის ”სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხისათვის” დასრულების შემდეგ. კვლევის მიზანი ამ სფეროში არსებული პრობლემების და მათი გადაჭრის გზების იდენტიფიცირება იყო. იგი განხორციელდა 2011–12 წლებში და მისი შედეგები წარდგენილია ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე.

ინოვაციური მიდგომების საჭიროება მსოფლიოში კეთილდღეობის გაზრდისათვის

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და სტაბილური ეკონომიკური აღმავლობის უზრუნველყოფის ამოცანა თანამედროვე ეკონომიკურ პრობლემათა შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტუალური საკითხია –  როგორც გლობალურ, ასევე ლოკალურ დონეზე. ამ პრობლემის დაძლევის ინოვაციური გზების ძიებას ისახავს მიზნად თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, ეკონომიკის დოქტორის ია ნაცვლიშვილის კვლევა ”კეთილდღეობის გაუმჯობესება მსოფლიოში - გლობალურ ვაჭრობაში ინოვაციური მიდგომების საჭიროება”. კვლევა მეცნიერმა ფონდ „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ სტიპენდიის მხარდაჭერით აშშ-ში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში მოღვაწეობისას 2011-2012 წლებში დაამუშავა.