2017-12-27

ჰარვარდის სამართლის სკოლისა და თსუ იურიდიული ფაკულტეტის ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამა საავტორო სამართალში

CopyrightX არის 12 კვირიანი კურსი, რომელიც 2013 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ჰარვარდის სამართლის სკოლის, ჰარვარდX დისტანციური სწავლებისა და ბერკმან კლაინის ინტერნეტისა და საზოგადეობის ცენტრის ხელშეწყობით. კურსის შემქმნელი და ხელმძღვანელია ჰარვარდის სამართლის სკოლის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის პროფესორი ვილიამ ფიშერი. მან შეიმუშავა კურსი, მისი სწავლების სპეციფიკა, მოამზადა დისტანციური ლექციები, შეარჩია და შექმნა საკითხავი მასალა.

საქართველოში პირველად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს ერთობლივ კურსს ჰარვარდის სამართლის სკოლასთან.

კურსი განკუთვნილია საავტორო სამართლით დაინტერესებული პირებისათვის და მოიცავს ევროპისა და ამერიკის საავტორო სამართალს. ქართველი სტუდენტებისათვის კურსი დამატებით მოიცავს საქართველოს საავტორო სამართლის მნიშვნელოვან საკითხებს. კურსის განმავლობაში განხილული იქნება საავტორო სამართლის მოწესრიგება ამერიკული სამართლის მიხედვით.

კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ეცოდინება საავტორო სამართლის ძირითადი პრინციპები, ასევე ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს ყველაზე მნიშვნელოვან და პრეცედენტულ დავებს.

სტუდენტებს ექნებათ წვდომა ვიდეო ლექციებსა და საკითხავ მასალაზე, რომელთა განხილვაც მოხდება ყოველკვირეულად გამართულ სამუშაო ჯგუფებში. სალექციო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს ჩაუტარდებათ წერითი გამოცდა, რომლის მხოლოდ წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მათ გადაეცემათ ჰარვარდის უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

საჭირო ინფორმაცია:
  • კურსი არის უფასო.
  • აუცილებელია, რომ აპლიკანტი იყოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.
  • სამუშაო ჯგუფების საათები განსაზღვრულია სააპლიკაციო ფორმაში, რომლის არჩევაც სავალდებულოა აპლიკაციის გამოგზავნის დროისათვის.
  • ყოველკვირეული სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე დასწრება სავალდებულოა ყველა სტუდენტისათვის, ორზე მეტი გაცდენის შემთხვევაში სტუდენტი არ დაიშვება საბოლოო გამოცდაზე, რაც ნიშნავს, რომ ის ვერ მიიღებს სერტიფიკატს ჰარვარდის სამართლის სკოლისაგან.
  • კურსზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია, აპლიკაციის შევსება. იხილეთ აპლიკაციის ფორმა.
  • სტუდენტების შერჩევა მოხდება აპლიკაციის მიხედვით, დამატებით შესაძლებელია დაინიშნოს სტუდენტთან გასაუბრება.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
Print

« იხ. ყველა სიახლე